Accentnews.ge
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს "ოცნების" წარმომადგენლად" მოიხსენიებს: "განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს"

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს "ოცნების" წარმომადგენლად" მოიხსენიებს: "განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს"

16/12/2024 12:32:30 პოლიტიკა

"დღეს მე [სატელეფონო საუბრისას] ძალიან მკაფიოდ განვუცხადე "ქართული ოცნების" წარმომადგენელ მაკა ბოჭორიშვილს, რომ საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალადობა და თვითნებური დაკავებები მიუღებელია. გაერთიანებული სამეფო განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი", – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი სოციალურ ქსელში წერს.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

"2024 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერთიანებული სამეფოს FCDO-ს სახელმწიფო მინისტრთან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთისთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საუბრისას წამოჭრილ საკითხებზე და გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებზე და პოლიტიკურ სპეკულაციებზეც, რომელიც დღესაც გრძელდება ოპოზიციის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა აქციების მშვიდობიანად და კანონის დაცვით წარმართვის აუცილებლობა, ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე".

ცნობისთვის: მე–19 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S