
მედია: მოსკოვში ააფეთქეს გენერალი, რომელმაც უკრაინელების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა
17/12/2024 06:05:56 მსოფლიო
მოსკოვში დილით მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა, - იტყობინებიან უკრაინული და რუსული წყაროები.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.
მედია წერს, რომ აფეთქება დისტანციურად განხორციელდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად.
გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
„ჩინოვნიკი პასუხისმგებელია რაშისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაზე. კირილოვის ბრძანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4,8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.