
პენტაგონი რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაკარგებს ადასტურებს
17/12/2024 06:40:32 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთის ჯარების მხარდასაჭერად კურსკის ოლქში მებრძოლ ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა .
მან დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა არ დაასახელა.
რაიდერის ინფორმაციით, რუსეთში იმყოფება ჩრდილოეთ კორეის არმიის 12 ათასამდე ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებში არიან ინტეგრირებული და მათ ძირითადად ქვეითებად იყენებენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 14-15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონის სოფლებში, პლეხოვოში, ვოროჟბასა და მარტინოვკაში მოკლული და დაჭრილია ჩრდილოეთ კორეის არმიის, სულ მცირე, 30 ჯარისკაცი, სოფელ კურილოვკის რაიონში კი დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, 3.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის არმიის მოიერიშე ჯგუფების დანაკარგების გამო მათ ჩრდილოეთ კორეის არმიის 94-ე ბრიგადის სამხედროებით ავსებენ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.
უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეამ თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.