Accentnews.ge
კობახიძე "მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემების" შექმნაში "რადიკალურ ოპოზიციას" ადანაშაულებს: "მცირდება უცხოელის მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ან ჩადოს ინვესტიციები"

კობახიძე "მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემების" შექმნაში "რადიკალურ ოპოზიციას" ადანაშაულებს: "მცირდება უცხოელის მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ან ჩადოს ინვესტიციები"

17/12/2024 08:00:14 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე "მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემების" შექმნაში "რადიკალურ ოპოზიციას" ადანაშაულებს.

„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც წლის განმავლობაში ერთი კვარტალი შეიძლება, იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. პირველი ათი თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, მთელი მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ არათუ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები. რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს. როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება მისი მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ან ჩადოს ინვესტიციები. თუმცა, ეს არის მოკლევადიანი. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით, როდესაც იყო ეს ვითარება, ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმაც დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ამ საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გვაქვს“, - განაცხადა მან დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მისივე თქმით, "ამ დღეების განმავლობაში [ეროვნული ბანკის მხრიდან] უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო".

"როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მესამე კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მესამე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია.

ცნობისთვის: მე–19 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S