
სიმონიშვილი: საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებს/მოადგილეებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა მოეთხოვებათ
17/12/2024 09:18:44 საზოგადოება
იურისტ ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, განხორციელებული ცვლილებებით, "საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს კანონით არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა არ მოეთხოვებათ, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა".
როგორც სიმონიშვილის აცხადებს, "რეალურად ქართული ოცნების მომზადებული ცვლილება იმაზე მეტად მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგან პირველადი სტეუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე უგულვებელყოფს როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ქონის პრინციპსაც".
"საქმე ისაა, რომ ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ჩაითვლებიან და მათზე არ გავრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, რომელიც ადგენს შემდეგ მოთხოვნებს:
- საქართველოს მოქალაქეობა;
- ქმედუნარიანობა;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
- სრულწლოვანება;
- მოხელის სერტიფიკატი.
ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზეა დამოკიდებული, დაასაქმებს თუ არა საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო ენის მცოდნეს თუ ა.შ.
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სპეციალურად ქნეს ეს თუ გაეპარათ (ქოცებს ვერაფერს დავუფიცავ), თუმცა ფაქტია, საჯარო სამსახურში შუალედურ მენეჯერულ რგოლში შეიძლება მივიღოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა", – წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.