
შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში: "საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ"
17/12/2024 10:26:39 პოლიტიკა
შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საქმეთა საკითხებში ჯესიკა როსენკრანცი აცხადებს, რომ საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს მხარს უჭერს. ამის შესახებ მან ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "საქართველოში შექმნილი ვითარებით ძალიან შეშფოთებულია".
"მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება, რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართველ ხალხს დავშორდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინოს და ასევე, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი კი არ არ ხურავს კარს, არამედ ამას რეჟიმი აკეთებს ახლა“, - განაცხადა ჯესიკა როსენკრანცმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია.
„ჩვენ ქართველი ხალხის დასჯა არ გვინდა, არამედ მათი, ვინც რეჟიმს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ღონისძიება მიზანმიმართული მიდგომაა“, - განაცხადა მან.