
რა წერია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების შესახებ დასკვნაში საქართველოს შესახებ
17/12/2024 14:55:05 პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც, მათ შორის საქართველოზე არის საუბარი.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ევროკავშირი ახსენებს "აგენტების კანონს" ისევე, როგორც სხვა კანონპროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს".
"საბჭო იხსენებს, რომ ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში აღნიშნა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.
საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
საბჭო ღრმად არის შეშფოთებული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის ისევე, როგორც ლგბტი პირების უფლებები სრული პატივისცემა.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. საბჭო იხსენებს, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის გადამწყვეტი კომპონენტია, საბჭო მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ მისმა აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება შეზღუდვების გარეშე და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა რამდენიმე ხარვეზებითა და დაძაბული და უაღრესად პოლარიზებული გარემოთი. დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საბჭო მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ასევე, ყურადღება მიაქციოს ამ და OSCE/ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს ორგანოების სხვა რეკომენდაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა [ევროკომისიის] ცხრა ნაბიჯია ნაწილია
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს კონკრეტული ქმედებები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია.
საბჭო მწუხარებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის არასათანადო ფუნქციონირების და ზოგადად ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდი ნაკლებობის გამო. ჯერ კიდევ საჭიროა არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ასეთივე მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ძლიერი გამოცდილების განვითარებას და დეოლიგარქიზაციის ქმედებების განხორციელებას.
ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების ზომიერ დონეს და შეზღუდულ პროგრესს მოქმედი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. საბჭო მიესალმება ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელებას და მოუწოდებს საქართველოს გააძლიეროს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და განახორციელოს სხვა აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, მათ შორის ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაწილში, იმუშაოს თავშესაფრის უსაფუძვლო მაძიებლების განცხადების საკითხზე და უზრუნველყონ ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებთან შესაბამისობა. საბჭო მხედველობაში იღებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საქართველოს მიერ განხორციელების მიმდინარეობას.
საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით.
საბჭო კვლავ გამოხატავს მტკიცე მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებსა და შემზღუდავ ზომებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, როგორც უმთავრეს პრიორიტეტს, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების ჩათვლით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისა და განცხადებებისგან. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით“, – ნათქვამია დასკვნაში.