ევროკავშირმა მოლდოვის დახმარების €1.8 მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა

17-12-2024 19:39:43 ევროპა

მოლდოვის ეკონომიკური ზრდისა და ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესაწყობად ევროკავშირმა ქვეყანას ეკონომიკური დახმარების 1.8 მლრდ ევროს მოცულობის გეგმა დაუმტკიცა.

ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ეს დახმარება, რომელიც 2025-2027 წლებზეა გათვლილი, უმსხვილეს პაკეტს წარმოადგენს მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ფინანსურს, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის ზრდასა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას.

ფინანსური სექტორის დახმარება ითვალისწინებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სუბსიდიებს, ასევე ქვეყნის სამედიცინო სექტორის განვითარების მხარდაჭერას, ინტერნეტის გავრცელებას და 25 ათასამდე კომპანიის, მათ შორის მცირე ბიზნესის დახმარებას.

ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ბაზარზე წვდომა ითვალისწინებს მოლდოვის ინტეგრაციას მომარაგების არსებულ ჯაჭვებში, ვაჭრობისა და პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივებას, ინტეგრაციას ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე.

სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა კი ითვალისწინებს სოციალური კაპიტალის, სამართლიანი კონკურენციის, უნარების ამაღლების და კადრების გადამზადების სხვადასხვა პროგრამებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები