
"ფლანგვის დეტექტორი“: თბილისის მერია ახალი წლის აღსანიშნავად დაახლოებით, 10 მილიონის დახარჯვას გეგმავს
17/12/2024 18:01:58 საზოგადოება
“ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, თბილისის მერია ახალი წლის აღსანიშნავად დაახლოებით, 10 მილიონის დახარჯვას გეგმავს.
"ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისის მერიამ და შპს თბილსერვის ჯგუფმა მზადება ნოემბერში დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც 31 დეკემბერს აღინიშნება, თბილისის მერია წლებია რაც საახალწლო ღონისძიებებისთვის სხვადასხვა მომსახურებას არა ელ.ტენდერების, არამედ გამარტივებული შესყიდვების გზით ყიდულობს.
რა არის გამარტივებული შესყიდვა?
გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი სახეა. ამ დროს შემსყიდველი საჯარო უწყება/მუნიციპალიტეტი ყოველგვარი კონკურსისა და ელ.ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით აფორმებს კომპანიასთან ხელშეკრულებას. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი” არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმება მიზანშეწონილი და გამართლებულია. მაგალითად, თუ ხელშეკრულების გაფორმება გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული ან საქმე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ეხება, კანონი საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს იძლევა.
საქართველოში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გამარტივებული გზით ხელშეკრულებების გაფორმება ხშირად კორუფციულ რისკებს შეიცავს. საკმაოდ ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულებები ხელისუფლებასთან დაახლოებულ და ზოგჯერ ნაკლებად კვალიფიციურ პირებთან ფორმდება. კომპანიებთან პირდაპირი გზით დადებული ხელშეკრულებები გამჭვირვალობის დაბალი ხარისხითაც გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო ზრდის კორუფციის რისკებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა ფორს-მაჟორი არ არის, თბილისის მერიას საახალწლო სამზადისის დაწყება თვეებით ადრეც შეუძლია, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ყოველ წელს გამარტივებულ შესყიდვას ნოემბერში აცხადებენ.
ახალი წელი 2025
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 16 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთებით გაიხსნება და 2025 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება. თბილისის მერიას სხვადასხვა ღონისძიება აქვს დაგეგმილი, რომლებიც ორბელიანის მიმდებარედ, მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ გაიმართება, მოეწყობა “საახალწლო ქალაქი” და მრავალფეროვანი გასართობი/სანახაობრივი ღონისძიებები. გარდა ამისა, 2024 წლის 31 დეკემებრს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.
თბილისის მერიამ ახალი წლის აღსანიშნავად გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების თაობაზე (SMP240002734) თანხმობა 28 ნოემბერს მიიღო, შესყიდვის ღირებულება 8,576,967 ლარს შეადგენდა. გამარტივებული გზით რამდენიმე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მათი ჯამური ღირებულება 4,597,601 ლარს შეადგენს.
საინტერესოა, რომ თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვების პარალელურად, რამდენიმე ელ.ტენდერიც გამოაცხადა, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალი წლის აღნიშნვნასთან არის დაკავშირებული, თუმცა ხელშეკრულებები ჯერ-ჯერობით არ გაფორმებულა ან შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. ტენდერები პიროტექნიკის (ე.წ. ფეიერვერკების), სასცენო განათებების, გახმოვანების სისტემის, მინი სცენებისა და პოდიუმების, ბიოტუალეტებისა და ეკრანების შესყიდვას შეეხება. მათი სავარაუდო ღირებულება საერთო ჯამში 2,260,800 ლარია.
ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვები და ტენდერები გამოაცხადა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა შპს თბილსერვის ჯგუფმაც.
შპს თბილსერვის ჯგუფმა გამარტივებული შესყიდვა (CMR240155361) 21 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტი საახალწლო მანათობელი ფარდა იყო, ხელშეკრულების ღირებულება კი 44,840 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თბილსერვის ჯგუფმა ხელშეკულება შპს ღამის შოუს სტუდიასთან გააფორმა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ღამის შოუს სტუდიასთან ხელშეკრულება უკონკურენტოდ ფორმდება. მაგალითად, 2022 წელს ახალი წლის აღსანიშნავად შპს თბილსერვის ჯგუფმა 6 ელ.ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ოთხ შემთხვევაში გამარჯვებული შპს ღამის შოუს სტუდია გახდა და მასთან ხელშეკრულებები უკონკურენტო გარემოში გაფორმდა. 2023 წელსაც შპს ღამის შოუს სტუდიასა და თბილსერვის ჯგუფს შორის 730,000 ლარიანი ხელშეკრულება ისე გაფორმდა, რომ ღამის შოუს სტუდიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
გარდა გამარტივებული შესყიდვისა, აღსანიშნავია, რომ შპს თბილსერვის ჯგუფმა რამდენიმე ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა სხვადასხვა ფორმისა და ზომის მანათობელი ფიგურების შესაძენად, რაშიც საერთო ჯამში 871,550 ლარი დაიხარჯა.
თბილისის მერია წლიდან წლამდე უფრო და უფრო დიდ თანხებს ხარჯავს ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად. მაგალითად, 2023 წელს, თბილისის მერიამ გამარიტვებული შესყიდვის გზით 6,501,641 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა ახალი წლის აღსანიშნავად, 2022 წელს კი ეს თანხა 5 მილიონს შეადგენდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად მცირე მეწარმეებმა მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.
საინტერესოა, ამ მხრივ რა პრაქტიკა არსებობს უცხოეთში. “ფლანგვის დეტექტორმა” საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით რამდენიმე ევროპულ ქვეყანას მიმართა.
ლატვიის დედაქალაქიდან, რიგადან მიღებული წერილიდან ვიგებთ, რომ წელს ახალი წლის აღსანიშნავად რიგაში საახალწლო ნაძვის ხესა და დეკორაციებზე საერთო ჯამში 577,000 ევრო დაიხარჯება, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 1.8 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, რიგაში 30 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა საშობაო და ახალი წლის ღონისძიების ჩასატარებლად დამატებით 450,000 ევრო დაიხარჯება, დაახლოებით 1.3 მლნ ლარი. გამოდის, რომ რიგაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებებისთვის თითქმის სამჯერ ნაკლები თანხა იხარჯება, ვიდრე თბილისში.
საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა თბილისის მერიას ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით სხვადასხვა კომპანიასთან გამარტივებული გზით ან/და უკონკურენტოდ გაფორმებული ხელშეკრულებებია, რაც კორფუციის რისკებს ზრდის.
გარდა ამისა, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ლატვიაა, გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება საშობაო და საახალწლო დღესასწაულების აღსანიშნავად, ვიდრე თბილისში. აღსანიშნავია, რომ ლატვია საქართველოზე მდიდარი ქვეყანაა", – ნათქვამია ორგანიზაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.