
უკრაინა: დაკავებულია 12 ჯაშუში, რომლებიც F-16-ების შესახებ აგროვებდნენ მონაცემებს
18/12/2024 06:14:25 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა ფართო ქსელი აგენტებისა, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვრევის მთავარი სამმართველოსთვის აგროვებდნენ მონაცემებს F-16 გამანადგურებლების შესახებ.
უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, ოპერაციის შედეგად დააკავეს 12 რუსი აგენტი და მათი ინფორმატორები. ზოგიერთი მათგანი დეზერტირია, რომლებმაც უნებართვოდ დატოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ხოლო რუსულმა დაზვერვამ ისინი გადაიბირა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი ჯაშუშობას ეწეოდნენ უკრაინის ხუთ რეგიონში.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინის შეიარაღებული ძალების „პრორუსულად განწყობილი“ სამხედრო მოსამსახურეა. მან შეაგროვა და რუსეთს გადასცა მონაცემები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო აღჭურვილობის განლაგებისა და გადაადგილების შესახებ დნეპროპეტროვსკისა და უკრაინის სხვა რეგიონებში, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების სამართავი სამხედრო სამეთაუროების ადგილმდებარეობის შესახებ. ინფორმაციის შესაგროვებლად მან მოტყუებით აიყვანა უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე და მათ უთხრა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებში მუშაობდა.
სამხედრო მოსამსახურემ, სავარაუდოდ, თანამზრახველები მიიზიდა ზაპოროჟიედან, ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებიდან. ისინი ამ რეგიონებში ცდილობდნენ, დაედგინათ საიდუმლო სამხედრო აეროდრომების ადგილმდებარეობა, სადაც, რუსული მხარის თანახმად, შეიძლება განლაგებული ყოფილიყო F-16-ები.
გარდა ამისა, აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო იმ კომპანიების მისამართების დადგენა, რომლებიც მონაწილეობენ რადიოელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობის წარმოებაში რუსული დრონების ჩამოსაგდებად.
თითოეულის როლიდან გამომდინარე, სამხედროებს ბრალი ედებათ ღალატში, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების, მოძრაობის ან ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებაში.