
მდინარაძე: აწი თუ ვინმე მხარს დაგვიჭერს, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე მადლობა რამე უხერხულობას ან პრობლემას ხომ არ შეუქმნის
18/12/2024 08:43:01 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მამუკა მდინარაძე რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღია წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს. მდინარაძემ ამ კონტექსტში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი დაასახელა.
„ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები უჭერდნენ მხარს საქართველოს. რომელი სხვა ქვეყნები? თუ არა ეს სამი ქვეყანა, მაშინ უნდა გვითხრან, ვიღაცამ უნდა გაბედოს და დაასახელოს. ლუქსემბურგზეც იყო საუბარი და რადგან ჩვენ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით უტყუარად არ გვიდასტურდებოდა, ირაკლი კობახიძეს არ უხსენებია. ასევე, ღია წყაროებშია მოხსენიებული რუმინეთი. წარმოიდგინეთ, რიკარდ იოზვიაკი, რომელიც წინასწარ ავრცელებს ხოლმე განცხადებებს […] რაც შემდეგ ყოველთვის დასტურდება. მის ინფორმაციაში ნახსენებია რუმინეთი. რატომ მოხდა ისე, რომ იოზვიაკის განცხადებაში იყო ნახსენები და რუმინეთმა მყისვე უარყო ეს ინფორმაცია? [...] ჩვენ აღარ ჩავაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში არავის, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, აწი თუ ვინმე მხარს დაგვიჭერს, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე, მადლობა რამე უხერხულობას ან პრობლემას ხომ არ შეუქმნის და ამის შემდეგ გადავუხდით ხოლმე მადლობას“, – განაცხადა მდინარაძემ.
რიკარდ იოზვიაკმა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოსთვის სანქციებს „უნგრეთი და სხვა ქვეყნები შეუშლიან ხელს“. მისი თქმით, მან სხვა ქვეყნებში სლოვაკეთი და რუმინეთი იგულისხმა. 16 დეკემბერს საბჭოს სხდომის შემდეგ მან დაწერა, რომ სანქციები სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს.