
პრეზიდენტი: ეს თქვენც, ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსაც ეხება - საქართველო იყო და არის დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში, რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას!
18/12/2024 09:17:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „ქართული ოცნების“ მხრიდან საზოგადოებაზე, მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლაზე, ცვლილებებზე კანონმდებლობებში, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს უფლებრივ მდგომარეობას - მას პრეზიდენტმა რეპრესიული მექანიზმი უწოდა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ არჩევნებია. ამასთან, პრეზიდენტმა ევროპელ პოლიტიკოსებს შეახსენა, „ეს თქვენც გეხებათ, ევროპას - პირველ რიგში, ევროპის ნდობის თემას“.
"ქვეყანას, რომელმაც ახლახანს მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა ვერ მისცემს საშუალებას, გათელოს ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები მას შემდეგ, რაც მოხდა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის უარყოფა. ეს ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსაც - საქართველო იყო და არის დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში. რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას. რუსეთი იხსენებს იმპერიის გენერლებიოს განცხადებას, „თბილისს ვინც ფლობს, ის ფლობს კავკასიის რეგიონს“. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა. თუ საქართველო აღმოჩნდა რუსეთის კონტროლ ქვეშ (მე სამხედრო ინტერვენციაზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ საარჩევნო, კონსტიტუციურ ინტერვენციაზე), ფსონი ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ეხება ყველაფერს დაკავშირებადობასთან მიმართებით, ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს - ეს გაცილებით ღრმა პროცესია, ვიდრე საქართველოს დემოკრატია და საქართველოს პოლიტიკური არჩევანი. საქართველო გახლავთ ევროპის ნაწილი გლობალურ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. სირიაში დამარცხების შემდეგ საქართველო უნდა მოიპოვოს რუსეთმა? რაც უკრაინაში მოეცარა ხელი, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მოლდოვა წააგო რუსეთმა და საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?“,- თქვა პრეზიდენტმა და მიმართა ევროპარლამენტარებს: „ეს გახლავთ კითხვები, რომლებსაც თქვენ გისვამთ, რადგან ტესტი, რომელსაც რუსეთი გვიტარებს, გაცილებით იაფია, ვიდფრე ინტერვენცია - ქვეყანაში იყენებს ნდობით აღჭურვილ პირებს, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, როგორიც არჩევნებია და არჩევნების საშუალებით სურს, თავს მოახვიოს ქვეყანას თავისი წესები და თავისი მმართველობა“.
„უნდა ითქვას, რომ ევროპამ მაინც და მაინც ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა მომენტის მოთხოვნები. ევროპამ ნახევარი გზა გაიარა ამ მიმართულებით. საგარეო საქმეთა საბჭოს უკანასკნელი შეხვედრა იყო პირველი ნაბიჯი, თუ რა უნდა გაკეთდეს. როდესაც ქართველები იბრძვიან დღე და ღამე, ევროპამ ძალიან ნელა გაიღვიძა“,- თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ელოდება ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან.