
კობახიძე "წნეხით" ხსნის რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის მამხილებელ განცხადებებს
18/12/2024 10:06:40 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე "წნეხით" ხსნის რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის მამხილებელ განცხადებებს.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაბლოკვაში სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის, ლუქსემბურგისა და რუმინეთის მონაწილეობის ინფორმაცია კაია კალასმა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გაავრცელეს, საჯარო წყაროები იუწყებოდნენ ესპანეთისა და იტალიის შესახებ. მისივე თქმით, ამ ინფორმაციას დაემთხვა მათი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც.
„გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, ამასაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს საბჭოს სხდომაზე“, – თქვა კობახიძემ.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ვინ იყო „ოცნების“ სხვა სანდო წყარო, კობახიძემ თქვა:
„ჩვენ გვქონდა სანდო და საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გავაკეთეთ ეს განცხადება. ჩვენ გვქონდა ჩვენი წყაროებიდან ინფორმაცია. გვაქვს უფლება, ეს წყაროები არ დავაკონკრეტოთ“, – თქვა კობახიძემ.
ის ამტკიცებს, რომ მას ტყუილი არ უთქვამს:
„არ მინდა ვთქვა, რომ [იტყუებიან], მაგრამ რეალურად იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც საბჭოზე დააფიქსირეს. თქვენ შეგიძლიათ, ამას დაარქვათ ტყუილი, მე არ მინდა, ტყუილი დავარქვა. ეს მათი არჩევანია, მათ შეუძლიათ, ასე გააკეთონ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დააფიქსირეს სანქციების საწინააღმდეგო პოზიცია, კიდევ ერთხელ მადლობა მათ. მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა, ესაა მათი გადაწყვეტილება. მე ამას ტყუილს ვერ დავარქმევ“, – განაცხადა კობახიძემ.„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე დაწერა, რომ საქართველოსთვის სანქციებს „უნგრეთი და სხვა ქვეყნები შეუშლიან ხელს“.
კაია კალასმა თქვა: „ბევრმა აღნიშნა, მოდით, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. თუმცა, როგორც იცით, სანქციებისთვის საჭიროა 27 წევრის თანხმობა, რაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს“.
კობახიძემ 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე – ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.
საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე.
17 დეკემბრის საღამოს რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა კობახიძის განცხადება უარყვეს.