კალაძე: "მოქალაქეებს „სითი პარკის“ ჯარიმები ჩამოეწერებათ"

19-02-2020 12:15:25 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კომპანია „სითი პარკის“ ჯარიმები ჩამოეწერებათ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სითი პარკთან“ მოხდა მორიგება, რის შედეგადაც ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ასევე შევისყიდეთ, ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს არღვევდა და კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია „თბილისი პარკინგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები, რომელიც თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ გამოისყიდა:

„მე რადგან ვსაუბრობდი ჯარიმებზე, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ, ამ ჯარიმებიდან თანხების მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა, გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება, პარალელურად მინდა, დავავალო ვიცე- მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, რომელიც დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულებისაა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები