
გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი: ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მათი მომავლის ხილვა
18/12/2024 12:40:30 პოლიტიკა
სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორის რობინ ვაგენერის განაცხადებით, "გერმანია იმ ქართველების გვერდით დგას, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მათი მომავლის ხილვა".
როგორც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, "იმ პირების მიმართ, რომლებიც გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო".
„საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატულად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეპრესიები ძალადობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მათი მომავლის ხილვა. ამ ვიზიტის დროს მინდა, ეს პოზიცია დავაფიქსირო. საქართველოს მოსახლეობას დაპირდნენ ევროპულ მომავალს. ამ დაპირებიდან ცოტა ხანში „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას. კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მაგალითად მაცნობეს, თუ როგორ სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჟურნალისტს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში დემონსტრაციას აშუქებდა. ამიტომ გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები. იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება. შთამბეჭდავად მიყვებოდნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ მცირე დასახლებებშიც კი სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ მათი მომავლისთვის. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ გზას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
დიპლომატირუი უწყების ცნობით, რობინ ვაგენერი 17-18 დეკემბერს თბილისს სტუმრობდა.
"ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. მან ასევე ნახა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
ვაგენერის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა. ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის წრეებთან. ევროპის საბჭო 19 დეკემბერს განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაქციას", – აცხადებენ საელჩოში.