
გორის მერია "ფოტოგრაფთა კლუბს" შენობით სარგებლობის უფლებას უჩერებს
18/12/2024 12:59:42 პოლიტიკა, საზოგადოება
გორის მერიამ 2024 წლის 16 დეკემბერს საჯარო რეესტრს ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
ხელშეკრულებით სივრცე სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბს.
2024 წლის 17 ნოემბერს გორის ხელოვნების სახლში საპროტესტო ინსტალაციაა განათავსეს, სადაც კედლებზე გაკეთებულ სხვადასხვა წარწერას შორის იყო - "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!".
ინსტალაცია ეხმიანებოდა 14 სექტემბერს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".