
ესტონეთის საგარეო უწყება: ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა აჩვენეს მსოფლიოს, მაგრამ რაც მთავარია, ქართველ ხალხს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი მთავრობა ავრცელებს, არ აქვს მყარი საფუძველი
18/12/2024 13:05:05 პოლიტიკა
"ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რადგან [ისინი] აჩვენებენ მსოფლიოს, მაგრამ რაც მთავარია, ქართველ ხალხს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი [საქართველოს] მთავრობა ავრცელებს, არ აქვს მყარი საფუძველი. ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში", – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 17 დეკემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე, მათ შორის რუმინეთმა ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.
„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით კობახიძის განცხადებას ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროები გაემიჯნენ.