
ისაკაძე: ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს, სრულიად ახალ ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე - ძალიან მნიშვნელოვანთან
18/12/2024 14:46:51 საზოგადოება
„რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, არ ვიცი, მაგრამ 30 წელია, ეკონომიკას და განსაკუთრებით, ბიზნესს ვაკვირდები და ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს. მგონია, რომ სრულიად ახალ ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე - ძალიან მნიშვნელოვანთან, ძალიან ჯანსაღთან და ძალიან კარგ ინსტრიტუციასთან. დანარჩენი გამოჩნდება“,- ამბობს BMG-ის გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე.
900-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა.
ბიზნესმენების ხედვით, დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.
"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 934 ხელმოწერა აქვს.