
მთავრობის ადმინისტრაცია: "ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს"
19/12/2024 07:00:00 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს".
"მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე და განაგრძოს ოპერირება, მათ შორის, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში.
კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურამ უპასუხოს გაზრდილ მგზავრთნაკადს და ახალი ავიაკომპანიების საჭიროებებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მილიონით გაიზრდება და თითქმის 5 მილიონს მიაღწევს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს საქართველოში მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასა და მგზავრთნაკადის ზრდას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, შესაბამისად - ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დადებითად შეფასდა სახელმწიფოს ძალისხმევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ჩინეთიდან მგზავრთნაკადის ზრდას და საქართველოს ბაზრით ახალი ავიაკომპანიების დაინტერესებას", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი. აღიარებაზე ამ დრომდე თავს იკავებენ ევროპელი ლიდერები.
5 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობაიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროპელი ლიდერებისგან ლეგიტიმურობის აღიარებას ელოდება და ამის შემდეგ "გაააქტიურებნ ორმხრივ ურთიერთობებს":
"პირველ რიგში ჩვენ დაველოდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", – ასე უპასუხა მან 5 დეკემბერს ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის რომელიმე ლიდერთან, ევროპელ პარტნიორებთან.
16 დეკემბერს ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი "ოცნების" წარმომადგენლად" მოიხსენია.