
SOS ღილაკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ახალი პროექტი
19/02/2020 08:57:37 კონფლიქტები
საზოგადოებრივმა “მოძრაობამ მომავლისთვის” (მომო) და ანტისაოკუპაციო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების დაცვისა და ადამიანთა გატაცების წინააღმდეგ მიმართული პროექტი დაიწყეს.
“მოძრაობა მომავლისთვის” ერთ-ერთი პირველია, ვინც ინიციატივას იღებს და სოფლებში ატოცსა და კირბალში მცხოვრები მოსახლეობისთვის სპეციალურ SOS მოწყობილობას შეიძენს. SOS ღილაკი არის მოწყობილობა/აპლიკაცია, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა მაცხოვრებლებს დაურიგდება. საფრთხის შემთხვევაში ისინი რთავენ მოწყობილობას და აჭერენ SOS ღილაკს, რის შემდეგაც, 5 წამის განმავლობაში, შეტყობინება მოწყობილობის მფლობელი პირის ადგილმდებარეობის შესახებ იგზავნება სამ წინასწარ მითითებულ ნომერზე. მოწყობილობა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა გიორგი რუხაძემ შექმნა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების დაცვის პროექტში ჩაერთო ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზაცია “ეკვილიბრიუმი”, რომელიც აღნიშნულ სოფლებში მოძრაობა მომავლისთვის ერთად სამკითხველო ბიბლიოთეკებს მოაწყობს" - აცხადებენ ორგანიზაციაში და სამოქალაქო აქტივისტებს, ორგანიზაციებსა და კერძო ბიზნესს მოუწოდებენ, "ჩაერთნონ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და ადამიანების დაცვის საქმეში, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს რუსი ოკუპანტების მიერ ადამიანების გატაცების ფაქტები და შეწყდეს ჩვენი ქვეყნის უკანონო ბორდერიზაცია" - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
ოსური დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ხელმძღვანელ დავით ქაცარავას ინიციატივას და მიიჩნევს, რომ „იგი ქართველი ხალხის პრობლემების გადაჭრას ცდილობს“.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლამის ერთადერთი ძალა, რომელიც ქართული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას ცდილობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ არის. მისი ხელმძღვანელის ინიციატივით, დაგეგმილია საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა GPS-მოწყობილობებით, რომელიც საშუალებას იძლევა, რეალური დროის რეჟიმში გაკონტროლდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის ყველა პოტენციური დამრღვევის ადგილმდებარეობა და გადაადგილების მარშრუტები. ვთვლით, რომ აღნიშნული პროექტი მისი რეალიზების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაამარტივებს არა მარტო ქართული საზღვრისპირა მოსახლეობის მდგომარეობას, არამედ ოსი მესაზღვრეების საქმიანობასაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად, მათ შორის – წნელისის მონაკვეთზე“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროებოს კომიტეტის განცხადებაში.
ამასთან, როგორც დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, „თავად საქართველოში საპროტესტო განწყობების ზრდის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვარზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული რევანშისტული პოლიტიკის განხორციელებას“.