19-12-2024 12:48:16 ეკონომიკა
მიმდინარე წლის პირველ თერთმეტ თვეში საქართველოს მთავარი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო. საგარეო სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 21,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 25% - 5,3 მილიარდი ავტომობილების ექსპორტ-იმპორტზე მოდის იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ეს სატრანსპორტო საშუალებები არ იწარმოება.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში დაახლოებით იმავე ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოიყვანეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდში. ამ თერთმეტ თვეში 14%-ით გაზრდილია ქვეყნიდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ღირებულება.
წელს საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება 15,1 მილიარდი დოლარი იყო. აქედან 20,4% მსუბუქი ავტომობილებზე მოდის. შემდეგ ადგილზეა ნავთობი (7,8%), სამკურნალო საშუალებები (3,7%), ნავთობის აირები (2,4%).პირველ თერთმეტ თვეში საქართველომ 6 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, საიდანაც 36,9% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, შემდეგ ადგილზეა: ფეროშენადნობები (5,3%), სპირტიანი სასმელები (4,5%), ღვინო (4,4%) და ძვირფასი ლითონები (3,5%).
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და აშშ. მათგან თურქეთიდან ყველაზე მეტი ღირებულების სამკურნალო საშუალებები (153 მილიონი დოლარი) შემოდის, რუსეთიდან - ნავთობი (471,7 მილიონი დოლარი), აშშ-დან - მსუბუქი ავტომობილები (1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების 134 275 ავტომობილი).
საქართველოს ყველაზე მეტი ღირებულების (1,6 მილიარდი დოლარი) პროდუქცია რუსეთიდან შემოაქვს, ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვნებელი (1,2 მილიარდი დოლარი) ყირგიზეთთან აქვს, თუმცა ეს ქვეყანა არ არის მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულში. მეორე ადგილზეა (795 მილიონი დოლარი) ყაზახეთი.