19-12-2024 14:01:34 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ "ევროპამ არ უნდა მიატოვოს ქართველი ხალხი, რომელიც განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია, ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ: ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და ამ პოზიციაზე ყოფნას გავაგრძელებთ 2025 წელსაც“, - განაცხადა მეცოლამ.
კითხვაზე, სამიტის შემდეგ განცხადებაში საქართველოს შესახებ შესაძლო ჩანაწერის თაობაზე, მეცოლამ აღნიშნა, რომ განცხადებებეში "მკაცრი ფორმულირებები" ევროპარლამენტისგან ნამდვილად იქნება.
"შეგიძლიათ, ელოდოთ მკაცრს ფორმულირებას ევროპარლამენტისგან, თქვენ იხილეთ ჩვენს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია“, – განაცხადა მან.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრებენ.