SJC: ნიღბიანთა იდენტიფიცირება რომ შეუძლებელია, სისტემური დაუსჯელობის გამოვლინებაა

19-12-2024 15:16:37 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ „აქციებზე ნიღბიანი სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა სისტემური დაუსჯელობის გამოვლინებაა“.

"28 ნოემბრიდან მიმდინარე შეკრებების დარბევისა და დემონსტრანტების დაკავების დროს გამოვლენილი ფართომასშტაბიანი ძალადობა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. Შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოქალაქეებზე სისტემური ძალადობის და წამების ოპერაციის აღსრულების გარდა, წინასწარ და განზრახ შექმნა სისტემური დაუსჯელობის წინაპირობები და არ უზრუნველყო სპეცრაზმელებისა და მასობრივ დანაშაულში ჩართული სხვა თანამშრომლების იდენტიფიცირებისთვის საჭირო პირობების შექმნა. დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელებს და სხვა პოლიციელებს მასობრივად არ ჰქონდათ მაინდენტიფიცრებელი ნომრები და სხვა ნიშნები, რაც სასტიკ დანაშაულებში მონაწილე პირების გამოძიების მიერ გამოვლენას გაართულებს. მასობრივი ძალადობის ორგანიზების მიღმა, დაუსჯელობის ეს პრაქტიკაც, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობის პრაქტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც სამართალდამცავთა ქმედებების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დროული გამოძიება და დამნაშავეების იდენტიფიცირება აუცილებელია მოქალაქეთა უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.

სამართალდამცავების, განსაკუთრებით სპეცრაზმის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნებით ამოცნობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი მოითხოვს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების შესახებ მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ვინაობა უნდა იყოს ამოცნობადი, უნიფორმაზე ან ჩაფხუტზე უნდა ეკეთოთ რაიმე სახის იდენტიფიკატორი, მაგალითად ნომერი ან სახელი. მათ აგრეთვე არ უნდა მოიხსნან ან დაფარონ აღნიშნული საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და შეკრების მიმდინარეობისას არ უნდა შეუშალონ ხელი ადამიანებს მათ დანახვაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-13 მუხლთან (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე) შეუსაბამოდ მიიჩნია სამართალდამცავების იდენტიფიცირების გამომრიცხავი კანონმდებლობა და პრაქტიკა. სასამართლოს განმარტებით, პოლიციელების კონფიდენციალურობა უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური საშუალებაა, თუმცა, ეს არ უნდა აბრკოლებდეს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებას. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი საშუალებები პოლიციამ მხოლოდ აშკარა წინააღმდეგობის რისკის პირობებში უნდა გამოიყენოს და ამ შემთხვევაშიც მას საიდენტიფიკაციო ნომრების თვალსაჩინოდ გამოჩენა მოეთხოვება.

2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში მიმდინარე აქციისას დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად იქნა ცნობილი. სასამართლომ ისაუბრა იმ ვალდებულებაზეც, რომელიც სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი საპოლიციო სპეცოპერაციის ჩატარებისას აქვს და მიუთითა, რომ “სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ... სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი.”

აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი ყურადღებას ჯერ კიდევ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან კავშირში ამახვილებდა და აცხადებდა, რომ 20-21 ივნისის აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება იყო.

თავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს და მიუთითებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება და გამოძიებით გამოკვეთილ ინდივიდუალურ ეპიზოდებში კონკრეტული სამართალდამცავების იდენტიფიცირება ყველა მიმდინარე საქმეში გამოწვევად რჩება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სპეციალური ფორმებით არიან აღჭურვილნი, რომელზეც მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ არის დატანილი. აქედან გამომდინარე კი, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი, თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.

შესაბამისად, არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეაგირება ამ საქმეებზე იქნება ისეთივე არაეფექტური, როგორც ეს მიმდინარე წლის გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებული საქმეების შემთხვევაში იყო და გამოძიებას ექნება ფორმალური ხასიათი.

სპეცრაზმელების იდენტიფიცირების შესაძლებლობის მოსპობით, ხელისუფლება არამარტო უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ ასევე კვებავს დაუსჯელობის სინდრომს და ყველა მოძალადე სამართალდამცავს პრაქტიკულად აძლევს გარანტიას, რომ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არასდროს დადგება. შედეგად, ძალოვნები მოქმედებენ სწორედ დაუსჯელობის განცდით და ეს გარემოება მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზარმაზარ საფრთხეს უქმნის, ისევე როგორც გამორიცხავს უკვე დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ადგილობრივი უფლებადაცვითი ინსტიტუციების შეფასებების მიუხედავად, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების მიერ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების საიდენტიფიკაციო ნიშნით არ აღჭურვა, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - ნიშნებს და მოითხოვს ამ პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუყოვნებლივ დღის წესრიგში დაყენებას", – ნათქვამია ორგანიზაცის მირ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები