19-12-2024 16:01:11 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს.
ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ არ სჭირდება მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ყველაფერი დასრულდება.
„მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და არ მინდა, ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა! როცა ყველაფერი დასრულდება, რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას? მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად,“ - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირს მინიმუმ შეუძლია, "არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ“.
ამასთან, ფიქრობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა:
„თითქმის ყველა პარტნიორისგან, ერთი-ორის გარდა, ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ასე რომ ამ მხრივ შემიძლია, გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება ადეკვატური იყო“.
მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, დემოკრატიულ უკუსვლაზე უარესია, "ეს არის რუსული მოდელის დაწესება საქართველოში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი დემოკრატიული მოდელი იყო".
მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ნიადაგს სინჯავს, რომელიც არ არის სამხედრო ინტერვენცია, რამაც მათ არ მისცა ის შედეგები, რასაც ელოდნენ იქნება ეს უკრაინაში თუ სირიაში:
"ისინი რაღაც ახალს ცდიან, რაც ითვალისწინებს არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც მათ თავიანთი მარიონეტების კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს, რათა ამ გზით მიიტაცონ ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისკენ, ევროპისკენ ისწრაფვიან. ეს არის ის, რამაც ევროპა უნდა შეაშფოთოს, რადგან ეს არის საარჩევნო ომის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გამოიყენეს და გამოსცადეს, არამედ ამის შემდეგ ვიხილეთ რუმინეთშიც“.