
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით რექტორის პოზიციას ეწინააღმდეგება
19/12/2024 12:19:49 საზოგადოება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი არ ეთანხმება უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის პოზიციას მიხეილ ყაველაშვილთან მიმართებით. მან ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით მიულოცა ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ახლახანს გამოქვეყნებულ განცხადებას, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება. ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება პატივს სცემს თითოეული სტუდენტის აზრსა და დამოკიდებულებას, და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს სტუდენტთა ინტერესებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის ის ადმინისტრაციულ კორპუსთან აქციაც გამართეს. მათ რექტორისგან ყაველაშვილზე დაწერილი განცხადების წაშლა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა მოითხოვეს. ამ პროტესტს გურგენიძემ შემდეგნაირად უპასუხა: „ყაველაშვილი არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი 29 დეკემბრიდან, მერე რა, რომ არ მეთანხმებიან. მილიონ 12 ათას კაცს სხვა აზრი აქვს დანარჩენს სხვა აზრი აქვს…რეჟიმი საქართველოში არ არსებობს“.
რაც შეეხება ყაველაშვილისადმი მილოცვას, ტექსტის შინაარსი ამგვარია:
„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობა იმედით გიყურებთ, რომ ამ რთულ პროცესში, თქვენ, საქართველოს მხედართმთავარი, უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, გამთლიანებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესში. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერი მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ივლის. გილოცავთ და გისურვებთ ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს“.