მოსამართლემ გირაო შეუფარდა პირებს, რომლებიც ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს, შემდეგ კი რამდენიმე ინციდენტი გამოიწვიეს რუსთაველზე

19-12-2024 17:31:39 საზოგადოება ,სამართალი

სასამართლომ გირაო შეუფარდა ორ პირს, რომლებიც 16 დეკემბერს ჯერ მეტროში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მგზავრებს, იმუქრებოდნენ აქციის მონაწილეების მისამართით, ხოლო შემდეგ პარლამენტის მიმართულებით გაემართნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აღნიშნული პირები ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გაიყვანა.

მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსთველის გამზირზე დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და რომ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.

სასამართლო პროცესს დღეს "ტვ პირველის" ჟურნალისტი დაესწრო და როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნული მოქალაქეები - გიგა შუბითიძე და აკაკი ფჩხაური სასამართლო პროცესზე არა ბადრაგის თანხმებით, არამედ თავად გამოცხადდნენ - ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ან დაკავებულები არც ყოფილან, ან ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სისხლის სამართლის წესით არ დაუკავებიათ.

სასამართლო დღეს ძალადობის საქმეზე მათთვის აღკვეთის ღონიეძიების სახის შერჩევაზე მსჯელობდა. პროკურორმა ერთის მხრივ, რისკებზე ისაუბრა, მეორეს მხრივ, 3 000-3 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ კი 2 000- 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ჟურნალისტი ცდილობდა ბრალდბულებთან გასაუბრებას, თუმცა მათ კომენტარს თავი აარიდეს. ამტკიცებდნენ, რომ არ უჭერენ მხარს "ქართულ ოცნებას" და რომ არც აქციის მონაწილეებს ექმურებიან.

Новости

Другие новости