
ნაცემი დემონსტრანტი: იარაღით მუქარა იყო - ხელი მომკიდა, "ტვინს გაგასხმევინებო"
19/12/2024 14:32:06 საზოგადოება
სასამართლომ აქციაზე დაკავებული და ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი ჩუტკერაშვილი დააჯარიმა 2 000 ლარით.
ის მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.
მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა არაადამიანურ მოპყრობაზე.
"გზაში ერთ-ერთი პოლიციელი ფეხზე მხდიდა, თან მეუბნებოდა, რა კარგი ბოტასი გაცვიაო და გამხადა ... შემდეგ მიმითითეს, რომ მეორე ბოტასიც გამეხადა. გახდის პროცესში, თასმის გახსნის დროს, თან ხელებზე წიხლებს მირტყამდნენ. ღვიძლის არეშიც დამარტყეს, რაზეც სპაზმები დამეწყო ... ქურთუკზეც მითხრეს, რა კარგი ქურთუკი გაცვიაო და ეგეც გამხადეს. ჩემი ჩანთაც წაიღეს. ფურგონში შემაგდეს და დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, საშუალოდ 20 ადამიანი მცემდა. მირტყამდნენ თავის არესა და ზურგში. იარაღით მუქარაც იყო - ჩემს ტელეფონს ითხოვდნენ, რათა გაეხსნათ. იარაღით მუქარა იყო - ხელი მომკიდა და მითხრა, თუ მობილურის კოდს არ მეტყვი, "ტვინს გაგასხმევინებო". შემდეგ, ერთ-ერთმა მითხრა, "სანამ ტელეფონის კოდს არ მეტყვი, გაზის კაფსულას შემოგიგდებ და სულს ამოგხდიო"...ღვიძლის არეში მირტყამდნენ, სუნთქვა მიკითხა, "კარგად ხარო?", "კი" ვუპასუხე და სახეში მომხვდა მუშტი...შემდეგ შემოაგდეს კიდევ ერთი ადამიანი, მას კბილები ჩამოუღეს საერთოდ, სახეში ურტყამდნენ...შემდეგ კიდევ ერთი შემოაგდეს და "ამ დუბინკით ღირსებას აგყრით, ტელეფონის კოდს თუ არ გვეტყვიო",- ყვებოდა ჩუტკერაშვილი.
ჩუტკერაშვილი ამბობს, რომ დაკავების ოქმზე ხელი არ აქვს მოწერილი, რადგან დოკუმენტში მითითებული იყო, თითქოს დაკავების დროს მიიღო დაზიანებები:
"მე დაკავების დროს დაზიანებები არ მიმიღია, გესმით?!".