
ევროსაბჭოს დელეგაციის შეხვედრა არასამთავრობოების წარმომადგენლებთან, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებთან და დემონსტრანტებთან დასრულდა: "ახლა კონკრეტული რეაგირების დროა"
19/12/2024 15:00:40 პოლიტიკა
ევროსაბჭოს დელეგაციის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებთან და დემონსტრანტებთან დასრულდა.
"ვუთხარით, რომ საშიშია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის საქმიანობა, რომ არ ვიცით, დილით რომ გავალთ, საღამოს დავბრუნდებით თუ არა ჯანმრთელი და ცოცხალი და ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, არამედ კონკრეტული რეაგირების დრო იმიტომ, რომ სულ არ არის გამორიცხული, ისე, როგორც რუსეთში მოკლული ჟურნალისტების ფოტოებს ვხედავთ და მერე აღშფოთებულ მსოფლიოს, ასე იყოს საქართველოშიც. მეც, გურამიც - მხოლოდ ორი მაგალითი რომ ვთქვა, შემთხვევით ვართ სიკვდილს გადარჩენილები და ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ექიმები და სპეციალისტები.
მე არა მხოლოდ მოვუყევი, არამედ ვაჩვენე ჩემზე თავდასხმის ვიდეო, ასევე ვუთხარი, რომ ის ადამიანები, ვისაც დღეს შეხვდნენ, მე ხელისუფლებას ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი არიან ამ ვიდეოს შემოქმედები. 12 დღე გავიდა და არავის არავინ დაუსჯია, ცხადზე ცხადია ამ ყველაფერის უკან დგას ხელისუფლება, მაშინ როცა მედია ვახერხებთ რაღაცების გამოკვლევას, რატომ ვერ აკეთებს ამა საგამოძიებო სამსახური. აბსურდია ეს ყველაფერი" , - განაცხადა “ტვ პირველის” ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
"პირადად ჩემი თხოვნა იყო დელეგაციის მისამართით, რომ გარდა განცხადებისა, კონკრეტული ნაბიჯებიც გვჭირდება მათგან. ვუთხარი, რომ მათი ნეიტრალური განწყობა აძლიერებს ამ რუსულ სისტემას, რომელიც მიზანმიმართულად უსწორდება ამ შემთხვევაში კრიტიკულ მედიას იმისთვის, რომ დაგვაშინოს და ამ ფორმით ჩაახშოს ხმა ამ ქვეყანაში" , - ამის შესახებ განაცხადა “ფორმულას” ჟურნალისტმა გურამ როგავამ.
"ვითხოვეთ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რაც მათ ხელთაა, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდნენ , - განაცხადა აქციების დროს სამართალდამცველების მიერ ნაცემმა მოქალაქემ დავით გოგილაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს დელეგაციას მიმართა თხოვნით, ვენეციის კომისიის წინაშე დააყენოს საკითხი, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, "დაკავება, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ, აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
"როგორც იცით, მონიტორინგს ვუწევთ მიმდინარე პროცესებს. დოკუმენტირებას ვახდენთ დარღვევების, წამების პრაქტიკები, რომელიც დადგინდა გავაცანით. ასევე გადავეცით ანგარიში, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. დეტალურად არის აღწერილი ყველა ეს დარღვევა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა კანონში. როგორც იცით, ვენეციის კომისიას შეუძლია ასეთ კანონებზე მოამზადოს მოსაზრებები. ვთხოვე, რომ ეს საკითხი ყოფილიყო დაყენებული მათი მხრიდან ვენეციის კომისიის წინაშე, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით. ეს კანონები აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ეს აღჭურავს საქართველოს ისეთი უფლებამოსილებებით, რომელიც ადამიანის უფლებებში ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს, მათ შორის პრევენციული დაკავება, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ. ეს კანონები რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.
“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ "საქართველო არის ევროპის საბჭოს სახელმწიფო და, სწორედ ამიტომ, ისინი აქ არიან, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაიცვან".
“ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს ვიზიტი არის განხორციელებული ახლა საქართველოში იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში არის ასეთი მძიმე და კრიტიკული მდგომარეობა ადამიანის უფლებების მიმართულებით. საქართველო არის ევროპის საბჭოს სახელმწიფო და, სწორედ ამიტომ, ისინი აქ არიან, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაიცვან და ყველაზე მეტად ამაზე ვისაუბრე, თუმცა, რა თქმა უნდა, შეხვედრა შეეხო ქვეყანაში ზოგადად არსებულ პოლიტიკურ კონტექსტსაც და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იქნება მიღებული და რა ზომები იმისათვის, რომ ადამიანები იყვნენ დაცულნი და ასევე, რა რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, რაც უკვე ვიხილეთ - ადამიანების უფლებების დარღვევა, მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა და ასევე ვისაუბრეთ იმ კანონებზე, რომლის მიღებასაც თვითგამოცხადებული პარლამენტი ამ ეტაპზე ცდილობს, რადგან ეს კანონი მიმართულია კვლავ ადამიანის უფლებების შევიწროებისკენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შევიწროებისკენ და ამ ნაწილში რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასებები რა შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღავენლემა ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ ძეხვედრაზე, მათ შორის იმაზე ისაუბრეს, რომ "ფაქტობრივად ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია ბიძინა ივანიშვილი მიერ":
"დავითი გვყავდა მოყვანილი, რომელიც ნაცემი და ფაქტობრივად ნაწამები არის. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ არც ერთი ინსტიტუტი არ რეაგირებს არცერთ დარღვევაზე, ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია ბიძინა ივანიშვილი მიერ და არ გვაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე ინსტიტუტს რაიმე რეაირება იქნება. ისინი [მთავრობის] ლეგიტიმაციისთვის ნამდვილად არ ჩამოსულან და მათი მანდატი არის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა ჩვენს ქვეყანაში", – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს შეხვდა.