Accentnews.ge
არასამთავრობოები – საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტზე: "ლეგიტიმაციისთვის ნამდვილად არ ჩამოსულან და მათი მანდატი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა არის"

არასამთავრობოები – საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტზე: "ლეგიტიმაციისთვის ნამდვილად არ ჩამოსულან და მათი მანდატი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა არის"

19/12/2024 15:53:04 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროსაბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ "დელეგაცია ლეგიტიმაციისთვის ნამდვილად არ ჩამოსულა და რომ, მისი მანდატი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლაა".

როგორც ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ "საქართველო არის ევროპის საბჭოს სახელმწიფო და, სწორედ ამიტომ, ისინი აქ არიან, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაიცვან".

  • “ეს ვიზიტი არის განხორციელებული ახლა საქართველოში იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში არის მძიმე და კრიტიკული მდგომარეობა ადამიანის უფლებების მიმართულებით. საქართველო არის ევროპის საბჭოს სახელმწიფო და, სწორედ ამიტომ, ისინი აქ არიან, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაიცვან", – განაცხადა დოლიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღავენლემა ეკა გიგაურმა აღნიშნა, "დელეგაცია ლეგიტიმაციისთვის ნამდვილად არ ჩამოსულა".

  • "ისინი ლეგიტიმაციისთვის ნამდვილად არ ჩამოსულან და მათი მანდატი არის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა ჩვენს ქვეყანაში", – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ევროსაბჭოს დელეგაციის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებთან და დემონსტრანტებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც აცხადებს, რომ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და მის ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ აქვს, ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი "ლეგიტიმაციის აღიარებად" შეიძლება, შეფასდეს.

  • "საქართველოში ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი, რომელიც უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიძლება, შეფასდეს ლეგიტიმაციის აღიარების ხაზად, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ბევრი და სურდათ, ამ მიმართულებით წასულიყო ქვეყანაში პროცესები", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი. აღიარებაზე ამ დრომდე თავს იკავებენ ევროპელი ლიდერები.

5 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობაიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროპელი ლიდერებისგან ლეგიტიმურობის აღიარებას ელოდება და ამის შემდეგ "გაააქტიურებენ ორმხრივ ურთიერთობებს":

"პირველ რიგში ჩვენ დაველოდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", – ასე უპასუხა მან 5 დეკემბერს ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის რომელიმე ლიდერთან, ევროპელ პარტნიორებთან.

16 დეკემბერს ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი "ოცნების" წარმომადგენლად" მოიხსენია.

მე–22 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S