
აშშ–მა ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა
19/12/2024 17:23:17 პოლიტიკა
აშშ–მა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
მანამდე, შეერთებულმა შტატებმა "მაგნიტსკის სიაში" 4 ქართველი შეიყვანა. დღემდე ისინი ამ სიის წევრი პირველი ქართველები იყვნენ. კერძოდ, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს - ორ მოქმედ მაღალჩინოსანსა და „ალტ-ინფოს“ ორ ლიდერს. ესენი არიან:
- ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
- მილერი ლაგაზაური – „ხარებას“ მოადგილე;
- კონსტანტინე (კოკა) მორგოშია – „ალტ-ინფოს“ ლიდერი;
- ზურაბ მახარაძე – „ალტ-ინფოს“ ლიდერი.
ეს სანქციები ეფუძნება ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2017 წლის №13818 აღმასრულებელ ბრძანებას. ეს ბრძანება მან „მაგნიტსკის აქტზე“ დააშენა.
„მაგნიტსკის აქტი“ 2012 წელს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, რომელმაც სანქციები დაუწესა 2009 წელს რუსი ბიზნესმენის სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს. წლების განმავლობაში „მაგნიტსკის აქტის“ ადრესატების სია გაფართოვდა და ამჟამად მასში 650-ზე მეტი ადამიანის სახელია შესული.
„მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან "ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში".
რას ითვალისწინებს სანქცია
სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქტივი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ან ამერიკელი პირების მფლობელობაში, ან მათი კონტროლის ქვეშ, არის დაბლოკილი და ამის შესახებ უნდა აცნობონ "საგარეო ქონების კონტროლის ოფისს" [OFAC]. გარდა ამისა, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთიან ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთს ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს. თუ OFAC-ის მიერ გაცემული ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში ან ტრანზიტით ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან აქტივებს, რომელიც ამ პირებთანაა კავშირში.