"სანქცირებული მთავრობა არის ჩიხი!" - ბიზნესი მოსალოდნელ კრიზისზე მსჯელობს

20-12-2024 13:18:31 საზოგადოება ,ეკონომიკა

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მოსალოდნელ, მათ შორის, ეკონომიკურ კრიზისზე და თანმხლებ რისკებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მსჯელობენ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, ბიზნესმენები, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდა თემაზე - პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით იმართება.

ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, კრიზისი შეეხო ყველა სექტორს.

"სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა - ეს არის ჩიხი, რომლიდანაც ერთადერთი გამოსავალია და ესაა ახალი არჩევნები. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მოკლე პერიოდში უნდა მიიღოს. ვინმე თუ იტყვის, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ახალი ადმინისტრაცია ამ სანქციებს გააუქმებს, ეს იქნება ნონსენსი!" - დარწმუნებულია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ვიცე- პრეზიდენტი ალექსანდრე ბოლქვაძე ამბობს, რომ კრიზისმა ყველა სექტორი მოიცვა და მას ვითარების გაუარესების მოლოდინი აქვს:

"შემიძლია ვთქვა ფრანგული კომპანიების სახელით, რომ ყველა სექტორში კრიზისია, განსაკუთრებით ეს ეხება ტურიზმის სექტორს და არა მარტო - კრიზისი შეეხო საცალო ვაჭრობის სექტორსაც. ეს უფრო გაღრმავდება. უნდა შეიცვალოს რაღაცა. რა უნდა შეიცვალოს ყველასთვის გასაგებია. ესაა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის სხვა გამოსავალი არაა, გარდა იმისა, რომ იყოს ახალი არჩევნები".

ბიზნესმენები შიშობენ, რომ სანქციების არაღსრულების პირობებში დარტყმის ქვეშ - "მეორადი სანქციების" პირობებში შესაძლოა, ქვეშ ბანკებიც აღმოჩნდნენ. ასევე აქვთ ლარის გაუფასურების მოლოდინიც.

"დღეს თუ დოლარი არის 2.8, ერთ თვეში შეიძლება, 4,5,6 გახდეს და დაემსგავსოს კუპონს! მის გამყარებას ეროვნული ბანკი ვეღარ შეძლებს, იმიტომ, რომ ლარი პირდაპირ მიბმულია ეკონომიკაზე. იმან ვინც ბიზნესშია, ეს ძალიან კარგად იცის. საზოგადოება, ვინც ბიზნესში არაა და სახელმწიფო სექტორში მუშაობს, უნდა იცოდეს, რომ ხელფასებს იღებენ იმ გადასახადებიდან, რომელსაც ბიზნესი ვიხდით! აქედან გამომდინარე, სჯობს, დაფიქრდეს საზოგადოება და დროზე მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომელმაც შეიძლება, ქვეყანა [კრიზისიდან] გამოიყვანოს", - აღნიშნა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები