
ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია და მოუწოდა ჩეხეთის მთავრობას, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებსა და მოსამართლეებს
20/12/2024 09:26:23 პოლიტიკა
ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩეხეთის მთავრობას, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებსა და მოსამართლეებს.
კერძოდ, სენატის რეზოლუცია მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესდეთ ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ან მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დემონსტრაციების ძალადობრივად ჩახშობაში; მოსამართლეებს, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებს იღებენ.
ამასთან, რეზოლუცია, მოუწოდებს ჩეხეთის მთავრობას, „იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არ არის მოსალოდნელი, ყურადღება მიაქციოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას“.
რეზოლუციაში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც. მათ შორის, წერია, რომ „მძაფრდება რუსეთის მცდელობები, მოახდინოს გავლენა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რაც გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაშიც“.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 დეკემბერს გამოეხმაურა საქართველოში არსებულ ვითარებას, სოლიდარობა გამოუცხადა ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის 230 000 ევროს ოდენობით დახმარებას გამოყოფს.