
ევროსაბჭოს გენმდივანი ამბობს, რომ მიიღო დაპირება დღის წესრიგში მეორედ შემოტანილი და ამჯერად დამტკიცებული "აგენტების კანონის" შეცვლის შესახებ
20/12/2024 10:04:03 პოლიტიკა
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა, რომ მიიღო დაპირება დღის წესრიგში მეორედ შემოტანილი და ამჯერად დამტკიცებული "აგენტების კანონის" შინაარსის შეცვლის შესახებ.
მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე, ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების, იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.
"მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე, შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები“,- განაცხადა ალენ ბერსემ.
მან თქვა, რომ აქვს მოლოდინი ამ კანონის შეცვლის თაობაზე:
„გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ. ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? აქტიურად ვიმუშავეთ, შევხვდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიმუშავებთ ერთობლივად შემდეგი კვირის განმავლობაში და დავიწყებთ კანონის ცვლილებას და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება. ეს ნათელია. ასევე ნათელია ის, რომ გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს. დაგვჭირდება დრო. რა გინდათ, შუა დღესვე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც იქნებიან, ისინი დაკავებულები არიან, ბევრს მუშაობენ. ამასთან, საშობაო არდადეგები იწყება. ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. დავაორგანიზებთ. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების - 1 თვემდე ვადის. რა თქმა უნდა, გვინდა, ხარისხიანად გაკეთდეს ეს ყველაფერი და პროცესმა წინ დაიწყოს სვლა. პირველი წინსვლა იქნება ეს აღებული ვალდებულება, მკაფიო ვალდებულება. შევთანხმდით, რომ ეს გაკეთდებოდა. ვიმუშავებთ ექსპერტების მონაწილეობით და გვაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე კვირაში კონკრეტულ აქტორებთან ერთად მუშაობის დაწყება შეგვეძლება“,- განაცხადა ბერსემ.