
კობახიძე სანქცირებულ გომელაურს და შსს-ს კიდევ 10 მაღალჩინოსანს "ღირსების ორდენზე" წარადგენს
20/12/2024 10:33:37 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს "ღირსების ორდენზე" წარადგენენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა სანქცირებული მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.
„11 თანამდებობის პირზეა საუბარი. ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე“, - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის: ნაწილი ჩამოთვლილ პირთაგან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არიან სანქცირებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის.