
პრეზიდენტი - იტალიის პარლამენტში: რუსეთი ახალ სტრატეგიას ტესტავს, ჩვენ ვართ პოლიგონი!
20/12/2024 10:41:48 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე აქციების მიზნებზე ისაუბრა.
"„დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ არის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი და მთავარი მოთხოვნა. საპროტესტო აქციები არ შეწყდება!" - თქვა პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ ნიშნავს ახალ არჩევნებს - ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ისევე როგორც მის მიერ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი არ არის ლეგიტიმური და არ აქვს მანდატი, მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 28 ნოემბერს, რომელიც ევროკავშირისკენ საქართველოს გზის შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის ნების საწინააღმდეგოა“.
მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსული სტილის არჩევნები, მათ შორის, „საარჩევნო კამპანიის დროს პროპაგანდის უმეტესი ნაწილი რუსეთის მხრიდან ინსპირირებული იყო".
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს სტრატეგია მხოლოდ საქართველოს არ ეხება - მას შემდეგ, რაც მიზნებს ვერ მიაღწია უკრაინაში, რუსეთი სამხედრო აგრესიის ალტერნატივას - ჰიბრიდულ ომს ცდის მეზობლების წინააღმდეგ:
"ჩვენ ვართ პოლიგონი!".
პრეზიდენტმა თქვა, რომ პირველი იყო მოლდოვა, სადაც წამატებას ვერ მიაღწია მოლდოვის დიასპორას დამსახურებით:
"საქართველო არის შემდეგი პოლიგონი და თქვენ გაქვთ კიდევ ერთი, თქვენთან ძალიან ახლოს - რუმინეთი, სადაც კიდევ ერთი პოლიგონი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი უნდა იყოს შეშფოთებული, პირველ რიგში, საქართველო, რადგან ჩვენი უახლოესი მომავალი ახლა განისაზღვრება, მაგრამ ყველა ჩვენგანი უნდა შეაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ახალ სტრატეგიას ტესტავს. ჰიბრიდულ სტრატეგიას, სადაც საქართველო კარგი ტესტი იყო მათთვის, რადგან ხელისუფლება ეხმარებოდათ. ისინი არიან რუსეთის მარიონეტები, ახორციელებენ რუსეთის მეთოდებს და რუსულ კანონებს. ჩვენ გვაქვს რუსული კანონი, რომელიც ყველა ჩვენგანმა ვიცით. ეს არის კანონი, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, კონტროლის ქვეშ მოექცია საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება“.