
ბრაჭველი: ბატონი ბერსე თავს რატომ აძლევს უფლებას, საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს
20/12/2024 12:06:25 პოლიტიკა
“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას "აგენტების კანონში" ცვლილებასთან დაკავშირებით.
ერთის მხრივ, ამ საკითხზე საუბროს დაწყებას “ქართულ ოცნების” მხრიდან უკან დახევად აფასებს, მეორეს მხრივ, აკრიტიკებს ალან ბერსეს, რომელმაც საკითხი სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით განიხილა.
“პარტიამ, რომელიც სუვერენიტეტის აბსოლუტურ დაცვას ქადაგებდა, “ქართული კანონის” მიღებით ამაყობდა, ყველა საერთაშორისო პარტნიორს ლანძღავდა – ევროსაბჭოს პირველივე ვიზიტის ფარგლებში მისი ავტორიტარიზმის პირველ სიმბოლოზე – რუსულ კანონზე უარი თქვა. ცალკე საკითხავი ისაა, ბატონი ბერსე რატომ აძლევს თავს უფლებას, სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს. მით უმეტეს, რომ ფსონები ‘ცოტა’ გაზრდილია და რუსულ კანონს თვეებია, ღიად ვარღვევთ. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, თავად ოცნებას შეეთავაზებინა, კანონს უკან წავიღებთ, ოღონდ ერთობლივი ჯგუფის ფორმატზე დაგვთანხმდითო”, – წერს ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
ბრაჭველი წერს, რომ ამ საკითხის განხილვა “ქართული ოცნებისთვის ” საერთაშორისო საზოგადოებასთან ლეგიტიმაციის მიღების მცდელობაა.“ეს ოცნების მცდელობაა, ლეგიტიმაციის, აღიარების ნამცეცები მაინც მოიპოვოს ვინმესგან. ბნელ ოთახში შავი კატების დევნისთვის აღარ სცხელათ გუშინ ამერიკა-ბრიტანეთისგან დასანქცირებულებს, დღეს და ხვალ – სხვა ქვეყნებიდან იმავეს მომლოდინეებს. მთავარი ისაა, რომ უკვე მასშტაბურად აგორებულ მომენტუმს ნამცეცები ვერ შეაკავებენ”, – წერს ბრაჭველი.