ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი ჩინოსნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება ოფიციალურად დააყენა

20-12-2024 16:16:26 ევროპა ,პოლიტიკა

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი ჩინოსნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება ოფიციალურად დააყენა. ამის შესახებ ევროპული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც, კერძოდ, ვკითხულობთ:

"თუკი ევროკავშირის საბჭო ამ წინადადებას გაიზიარებს, ქართველი დიპლომატები, სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახების წევრები, რომელთაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები გააჩნიათ, ვალდებულები იქნებიან, მიიღონ ვიზები ევროკავშირში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში მოკლე, 90 დღემდე ვადით გასამგზავრებლად. მათზე ასევე აღარ გავრცელდება სავიზო პროცესის ისეთი მოქმედი შეღავათები, როგორიცაა განაცხადების წარდგენის შემოკლებული ვადა, ნაკლები გადასახადი, ნაკლები რაოდენობის დოკუმენტების მოთხოვნა".

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანებს შორის კონტაქტებზე, ვინაიდან საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივ პასპორტებს ფლობენ, კვლავინდებურად გააგრძელებენ მოქმედი შეღავათებით სარგებლობას ევროკავშირში ხანმოკლე დროით სამგზავროდ.

როგორც ბრიუსელში აღნიშნავენ, ეს წინადადება წარმოადგენს რეაქციას საქართველოს მმართველი ძალის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მიმართ რეპრესიების გამოყენებაზე, რაც "ოცნების" პრემიერის მიერ 28 ნოემბერს ქვეყნის ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა.

გადაწყვეტილების კომენტირებისას ევროპული კავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში კაია კალასმა განაცხადა:

"დღეს ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხი ვაგებინოთ მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალურ ჩახშობაზე. ეს მკაფიო სიგნალი უნდა იყოს მათთვის იმის შესახებ, რომ უფლება არ აქვთ, დაუსჯელად, შედეგების გარეშე ახშონ ოპოზიციური ხმა და ზღუდონ სიტყვის თავისუფლება. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და გადავამისამართეთ დაფინანსება მმართველი გუნდიდან ხალხისაკენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ. კვლავაც გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. უკვე წარმოდგენილია სანქცირების შესახებ სხვა წინადადებებიც და ჩვენ განვაგრძობთ მათზე მუშაობას".

ცნობისთვის: "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების სადავო ლეგიტიმაციის პრემიერი კობახიძე ორიოდ დღის წინ ირწმუნებოდა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ სიმბოლური აქტი იყო და არავითარი პრაქტიკული ეფექტი არ ექნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები