20-12-2024 16:59:43 პოლიტიკა ,საზოგადოება
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული გამოსვლების ნეგატიურად გაშუქებაში რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები აქტიურად არიან ჩართული. ამ ტიპის “მედიის” წარმომადგენლები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან და მაუწყებლობენ, წერენ ვლოგებსა და ვიდეომიმართვებს. ერთ-ერთი ასეთი “ჟურნალისტი”, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, პრორუსი ბლოგერი და ინფლუენსერი – პატრიკ ლანკასტერია, რომელმაც თბილისიდან რამდენიმე ვიდეო ჩაწერა,- იტყობინება IDFI.
ორგანიზაციის ცნობით, ჟურნალისტი წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მისურიდანაა. 2001-2006 წლებში აშშ-ის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. 2014 წელს კი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში გადავიდა საცხოვრებლად. ჟურნალისტი ქმნიდა კონტენტს კრემლის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებებისთვის, როგორებიცაა “RT” და “Zvezda.” 2017 წელს ლანკასტერმა დონეცკში ადგილობრივ ქალზე იქორწინა. ქორწილის ცერემონია რუსულ მედიაში ფართოდ გაშუქდა.
ლანკასტერი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტების, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებით გახდა ცნობილი. მანამდე იგი პროპაგანდისტულად აშუქებდა ყირიმის ანექსიისა (2014) და ყარაბაღის მეორე ომის (2020) მოვლენებს.
თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის ლანკასტერი ძირითადად “Youtube” არხს იყენებს, რომელზეც, დღეის მონაცემებით, 695,000 გამომწერი ჰყავს და 2000 ვიდეოს აერთიანებს. არხი გათვლილია ინგლისურენოვან მომხმარებელზე, რომელსაც რუსეთი ამ ფორმით აწვდის პროპაგანდისტულ მესიჯებს. ის თავს სრულად “ქრაუდფანდინგით” დაფინანსებულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი ფულის წყარო მონეტიზაცია და შემოწირულობებია. საქართველოში მიმდინარე პროევროპული გამოსვლების თემატიკაზე პატრიკ ლანკასტერმა ჯერ-ჯერობით 10-მდე ვიდეო ჩაწერა, პირველი მათგანი 4 დეკემბრით თარიღდება.
ორგანიზაციის დაკვირვებით, თბილისიდან გადაღებულ ვიდეოებში ლანკასტერი ყველა ხერხით ცდილობს მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციას. ეყრდნობა და აჩვენებს ქართული საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს და ქუჩის გამოკითხვებში აჩვენებს ადამიანებს, რომლებიც პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ასკვნის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ უერთდება საპროტესტო მოძრაობას. სხვათა შორის, ამავე ვიდეოებში გამოკითხულთა უმეტესობა ჟურნალისტის კითხვაზე - საქართველოს ევროპაში ხილვა სურთ თუ არა - დადებით პასუხს სცემენ.
ლანკასტერმა ჩაწერა ინტერვიუ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან, რომელიც მოვლენებს პარტიის პერსპექტივიდან უყურებს და იმეორებს ყველა იმ ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომლებმაც ბოლო თვეების მანძილზე ქართული ინფოსივრცე მოიცვა.
აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბერს ლანკასტერს ინციდენტი შეემთხვა აქციის მონაწილეებთან, რომელთა ნაწილმა იგი იცნო და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ზოგიერთმა ქართულმა პროპაგანდისტულმა სააგენტომ დაწერა, რომ აგრესიულმა დემონსტრანტება იტალიელი და ბრიტანელი ჟურნალისტები გააძევეს, თუმცა არაფერი უთქვამთ მათ რეალურ ქმედებებზე.
5 წლის წინ პატრიკ ლანკასტერი ოკუპირებულ აფხაზეთში, “საპრეზიდენტო არჩევნების” გაშუქების მიზნით იმყოფებოდა საიდანაც მან YouTube-ზე არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა. მან ინტერვიუ ჩაწერა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატთან, ასევე ადგილობრივებთან და ზოგან ამბობდა, რომ გერმანია, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებდა.