ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მიმდინარე წელი შეაჯამა და 2024 წლის ანგარიში წარადგინა

20-12-2024 17:06:06 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ 2024 წელს გაწეული მუშაობა შეაჯამა, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა.

"რა მიზნები დაისახეს, რა გაკეთდა და კიდევ რა არის გასაკეთებელი, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე დღეს, გოჩა ქიმაძემ, პირველ მოადგილესთან არსენ ბალახაშვილთან, მოადგილესთან სოსო რეხვიაშვილთან და მერიისა და ა.(ა).ი.პ-ის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დამსწრე აუდიტორიასთან ისაუბრა" - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

„2024 წელი ადიგენისათვის ნამდვილად წარმატებული იყო. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს არაერთი საინტერესო პროექტი და პროგრამა განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანა ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობასა და განვითარებაში.

მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა გადავუხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მხარდაჭერისა და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ინტენსიური ჩართულობისათვის. მოგახსენეთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი მიმდინარე წელს16 296 000 ლარით იყო განსაზღვრული, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსებები და გრანტები დაემატა და საბოლოოდ 28 422 715 ლარია.

ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო, რაშიც ჯამში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. საბოლოოდ 37 სოფელში მოწესრიგდა გზები, შესრულდა სხვადასხვა სახის სამუშაოები.

გარე განათების ქსელი 28 სოფელსა და დაბა ადიგენში მოეწყო. პროექტების ჯამური ღირებულება 458 508 ლარია.

სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2 სოფელში მოეწყო მინი მოედანი, 7 – ში კი რეაბილიტირდა, რომლის ღირებულებამ 312 453 ლარი შეადგინა. რაც შეეხება რეკრეაციულ სივრცეებს, 5 ლოკაციაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერები მოეწყო, სადაც 281 858 ლარი დაიხარჯა. მოეწყო ტურისტული საგამოფენო სივრცე და ტურისტული ლოკაცია.

სოფელ ლელოვანში ცეკვის დარბაზი მოეწყო, დაბა აბასთუმანში ადმინისტრაციულ შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო მეორე ადმინისტრაციულ შენობაში სამხატვრო ოთახები მოეწყო, ღირებულება ჯამში - 52 675 ლარია.

დაბა ადიგენში არსებულ საცეკვაო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ფანჩატურები.

სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე წელს 62 500 ლარი დაიხარჯა, (შევიძინეთ მილები). სტიქიის შედეგების რეაბილიტაციის კუთხით, სოფელ უნწაში მდინარე ოცხესთან არსებული ხიდის მიმდებარედ სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების ნაცვლად რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედელი მოეწყო , სოფელ ვარხანში 105 მეტრის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, სოფელ ბენარაში დაზიანებულ გაბიონებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო სოფელ უდეში ბეტონის გზის გვერდულებისა და სანიაღვრე არხის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, პროექტების საერთო ღირებულება 348 337 ლარია.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე სოფელ ქვემო ენთელში, უდის მეორე და დაბა აბასთუმანში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღების მშენებლობა დასრულების ეტაპზე. არლის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მიმდინარეობს ასევე, კახარეთსა და დაბა ადიგენში ახალი სკოლების მშენებლობა, უდის N1 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება.

გვაქვს არაერთი საინტერესო პროგრამა ახალგაზრდებისათვის. მათ შორის ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ სკოლადამთავრებულებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100% დაფინანსების მფლობელები გახდებიან, მერიისაგან ერთჯერადად ფულადი საჩუქრით, 2500 ლარით დასაჩუქრდებიან.

დაემატა პროექტი „ შემოიარე ადიგენი 2024“- სათავგადასავლო ტური ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის. დაწესებული გვაქვს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენებისთვის ჯილდოები. ამ მხრივ ყველას ვაჯილდოებთ ფულადი პრიზებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ისიც, რომ მოსწავლე-ახალგაზრდები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე სწავლას ადგილზე დაეუფლონ და იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. გარდა იმისა, რომ ცეკვისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს სწავლას სრულად ვუფინანსებთ, გავხსენით სამხატვრო სტუდია და აქაც სწავლის საფასურს მერია 100% აფინანსებს.

ტრადიციად ვაქციეთ და მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს მერიისაგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნივთები, ხოლო საბავშვო ბაღებში საუკეთესო სასაჩუქრე პაკეტები გადავეცით ჩვენს პატარებს.

აქვე მინდა კიდევ ერთი სასიხარულო ინიციატივა გავაჟღერო, დაბა ადიგენში, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ, სადაც ტურისტული ლოკაცია მოეწყო, მოგეხსენებათ გარდა ტურისტული თვალსაზრისით ასევე, ფოტოსესიებისთვისაც არის განკუთვნილი. ამიტომ ჩვენს წყვილებს, რომლებიც ადიგენში მცხოვრები და რეგისტრირებული არიან და ხელისმოწერის ცერემონიალს აღნიშნულ ლოკაციაზე ჩაატარებენ, მერია მათ საჩუქრად ფულადი პრიზის სახით 1000 ლარს გადასცემს.

მერის განცხადებით , ადიგენში მცხოვრებლები იმსახურებენ ესტრადის ვარსკვლავების კონცერტებს და მათთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას. ამიტომ ტრადიციად იქცა ადიგენში, წლის განმავლობაში რამდენჯერმე გრანდიოზული ღონისძიებების აღნიშვნა ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მომღერლების მონაწილეობით. მოეწყო სხვადასხვა სპორტული თუ კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები ადგილობრივების მონაწილეობით.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა, მიზანმიმართულია განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის, ხოლო კულტურული ღონისძიებების გახშირება, მათ შორის ფესტივალები, ღრმა გავლენას ახდენს რეგიონში კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე.

ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან იმისთვის, რომ შევამციროთ გარემოზე მავნე ზეგავლენა. ჩვენთვის პრიორიტეტული გახდა მწვანე სივრცეების შექმნა, ამიტომ გაიმართა რამდენჯერმე მასშტაბური დასუფთავების და გამწვანების აქციები.

მოსახლეობისათვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გაზიფიცირებაა, ამ კუთხით ადიგენში პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფლის (ფლატე, არზნე, მლაშე, წრე) 347 აბონენტი სულ მალე ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

რაც შეეხება მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამებს 2024 წელს, ადიგენის მერია სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 1 900-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა, ჯამში 788 205 ლარით.

დღესვე, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მერიის სამსახურების მუშაობაც შეაჯამა- „ამაყად ვამბობ, რომ მერიის თითოეული თანამშრომელი მოწოდებულია, , რათა მოსახლეობასთან ინტენსიურად ურთიერთობების და საუბრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებები და პრიორიტეტები შევასრულოთ. წინ კიდევ ბევრი გამოწვევა და სამუშაოა, რომლის მისაღწევადაც, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ერთად ვიშრომებთ“- აღნიშნა მერმა.

შეხვედრისას, გოჩა ქიმაძემ დამსწრე აუდიტორიისა და მედიის წარმომადგენლებისაგან დასმულ კითხვებს კომპეტენციის ფარგლებში უპასუხა, დასასრულს კი 2025 წლის გეგმები და პროექტები გააცნო: „მომავალ წელს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ ინფრასტრუქტურის მიმართულება და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ პროცესში თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს, კვლავ დიდ როლი გაქვთ, რადგან თქვენი აზრი და მოთხოვნები აუცილებელია იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთო წარმატებას.

Новости

Другие новости