
პრეზიდენტი: თუ არ მოხდება რუსეთისკენ აღებული კურსის მკაფიო დაგმობა ევროკავშირი დაკარგავს საიმედოობას, იყავით უფრო მამაცები!
20/12/2024 14:05:16 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში მიმართვისას განაცხადა, რომ თუ არ მოხდება "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის და პოლიტიკის უფრო მკაფიო დაგმობა, ევროკავშირი საიმედოობას დაკარგავს.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის ნეიტრაპულ პოზიციაში ყოფნა დაუშვებელია.
„თუკი არ მოხდება უფრო მკაფიო დაგმობა ამ რიტორიკის, ან პოლიტიკის, გადაწყვეტილებების, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ მიდის, თუკი არ მოხდება მმართველი პარტიის მიერ რუსეთისკენ აღებული კურსის დაგმობა და არ მოხდება დემონსტრანტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ბოლო დღეებში განხორციელებული ძალადობის მკაფიო დაგმობა, მაშინ ევროკავშირი დაკარგავს საიმედოობას. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნა, სადაც ოფიციალურ დეკლარაციებში, განცხადებებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არის ძალადობის წინააღმდეგ და ცდილობს ევროკავშირისკენ დაბრუნების გზა გამონახოს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ბოლო 2 წლის განმავლობაში სიტყვით და საქმით, რომ საქართველო ევროპული გზიდან ჩამოეშორებინა და ეს ოფიციალურად დაადასტურეს 28 ნოემბერს. უფრო ცხადი როგორ შეიძლება გახდეს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებენ ერთი მიმართულებით მიდის",- თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, "ასე რომ ჩემი მოწოდება ევროკავშირისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, იტალიისთვის არის იყვნენ უფრო მამაცები. ქართველი ხალხი აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, ისინი აპროტესტებენ სრულიად მშვიდობიანად, მათი მოთხოვნები არის მშვიდობიანი და კონსტიტუციური და ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი და ერთადერთი კონსტიტუციური გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს არის ერთადერთი გზა ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“.