21-12-2024 21:28:58 საზოგადოება
თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. აქციას თანდათან უერთდებიან დღის განმავლობაში დაგეგმილი აქცია-მსვლელობების მონაწილეები. დღეს თბილისში 20-ზე მეტი საპროტესტო მარში გაიმართა.
მეგრელები - თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ, სვანები - ფილარმონიასთან; ქართლელები - მზიურის პარკთან, იმერლები - მარჯანიშვილის მოედანზე; რაჭველები - ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ, ხოლო მესხების მარშმა - რესპუბლიკის მოედნიდან აიღო სტარტი. ქუთაისელები - რეზო გაბრიაძის თეატრთან შეხვდნენ ერთმანეთს, აჭარლები - ევროპის მოედანზე; არაგველების მარშის მონაწილეები ბუკიას ბაღში იყვნენ დაბარებული.
მსვლელობა მოაწყო ISET-მა, “ბენდუქიძის უნივერსიტეტმა” - ქუჩაში სტუდენტებთან ერთად, ლექტორებიც გამოვიდნენ. ცალკე იყო გაფიცული ლექტორებისა და სტუდენტების მარში. მათი მსვლელობის დროს აღმაშენებლის ხეივანი და თბილისის სხვა ქუჩები და გამზირები.
21 დეკემბრისთვის მარშები ცალ-ცალკე დაგეგმეს ტატუ-არტისტებმა, გეიმერებმა, მოცეკვავეებმა, უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მასწავლებლებმა, იოგის მოყვარულებმა და პროფესიონალებმა. მსვლელობა დაგეგმეს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია - აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.
24–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.