
ნონა ქურდოვანიძე: დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ
23/12/2024 07:45:40 საზოგადოება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა.
მისი თქმით, დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ.
როგორც მან განაცხადა, არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა.
ქურდოვანიძის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულის განცხადებით, სამართალდამცველები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი, ძალადობდნენ მათზე.
„იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის. უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს ისინი, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მისი ინფორმაციით, ზოგიერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით.
მისივე თქმით, "ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ინფორმირებულია, თუმცა, უწყების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას დღემდე არ ჰქონია ადგილი".
იურისტები ითხოვენ, დემონსტრანტებს პირადი ნივთები დაუყოვნებლივ დაუბრუნონ და "დაიწყოს გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში".
"რამდენიმე შემთხვევაში კი, მობილური ტელეფონები დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტების ანალიზით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მოქმედებას არავითარი საერთო აქვს სამართლებრივ პროცედურასთან. ამდენად, ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით ობიექტური გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.