Accentnews.ge
დემონსტრანტი: ხალხს საქორწინო ბეჭდებსაც კი პარავდნენ, ჩემი ტელეფონი სპეცრაზმელმა თავის საცხოვრებელ ბინაში წაიღო, განვაცხადე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ რეაგირება კვლავ არანაირი არ იყო

დემონსტრანტი: ხალხს საქორწინო ბეჭდებსაც კი პარავდნენ, ჩემი ტელეფონი სპეცრაზმელმა თავის საცხოვრებელ ბინაში წაიღო, განვაცხადე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ რეაგირება კვლავ არანაირი არ იყო

23/12/2024 08:09:07 საზოგადოება

„მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა, ღირებული ყოფილიყო, წაერთმიათ. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ტელეფონი აღმომაჩნდა, თუმცა [დაკავებულ] ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს პარავენ. ჩემი ტელეფონი თავდაპირველად ორთაჭალაში რომელიღაც შსს-ს შენობაში გადაიტანეს, თუმცა შემდეგ რომელიღაც პოლიციელმა თუ სპეცრაზმელმა ის დიდ დიღომში, თავის საცხოვრებელ ბინაში წაიღო, რისი იდენტიფიცირებაც ტელევიზიებმა მოახდინეს, დაადგინეს ვინაობა - სად ცხოვრობს, რომელ კორპუსში, თუმცა როდესაც ამაზე განვაცხადე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რეაგირება კვლავ არანაირი არ იყო. მათ შეუძლიათ, დღესვე დააბრუნონ ჩემი ტელეფონი, თუმცა ამას არ აკეთებენ“, - ამის შესახებ დემონსტრანტმა დავით გოგოლაშვილმა განაცხადა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე" ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა.

მისი თქმით, დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ.

როგორც მან განაცხადა, არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა.

ქურდოვანიძის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულის განცხადებით, სამართალდამცველები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი, ძალადობდნენ მათზე.

„იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის. უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს ისინი, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი ინფორმაციით, ზოგიერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით.

მისივე თქმით, "ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ინფორმირებულია, თუმცა, უწყების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას დღემდე არ ჰქონია ადგილი".

იურისტები ითხოვენ, დემონსტრანტებს პირადი ნივთები დაუყოვნებლივ დაუბრუნონ და "დაიწყოს გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში".

"რამდენიმე შემთხვევაში კი, მობილური ტელეფონები დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტების ანალიზით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მოქმედებას არავითარი საერთო აქვს სამართლებრივ პროცედურასთან. ამდენად, ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით ობიექტური გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის: 26–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S