"მედიის თავისუფლების კოალიცია": "ჩვენ ვგმობთ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას"

23-12-2024 13:46:49 საზოგადოება

"მედიის თავისუფლების კოალიცია" აცხადებს, რომ "გმობს ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას".

"მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, პრო-ევროპული საპროტესტო აქციებზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ ძალის გადამეტების, ძალადობისა და დაკავებების გამო.

28 ნოემბრის შემდეგ "საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ" ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის 70*-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის არიან ქალი ჟურნალისტებიც.

ჩვენ ვგმობთ, ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას. მათ უნდა შეეძლოთ საზოგადოების ინფორმირება ძალადობისა და ხელის შეშლის შიშის გარეშე. ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 26–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები