ბიზნესმენების ნაწილი ირაკლი კობახიძეს ხვდება

23-12-2024 14:01:12 პოლიტიკა ,ეკონომიკა

ამ დროისთვის ბიზნესმენების ნაწილი „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძეს ხვდება.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორის 100-მდე წამომადგენელი იმყოფება. მათ შორის არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც შეუერთდნენ თავისუფალი ბიზნესების განცხადებას და ისინიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში „ყველაფერი კარგადაა“.

„ჩვენ - ბიზნესის 2 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა გავაკეთეთ განცხადება და გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ - დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები“,- თქვა „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა.

„ბიზნესს დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, რომ ახლა სასწრაფოდ მნიშვნელოვანია დეესკალაცია... მოვისმენთ მათგანაც პასუხს“,- თქვა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ოთოძემ.

„ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია კრიზისულ ვითარებას უსვამს ხაზს:

„რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაშია [ბიზნესი], გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ - ტურისტი აღარ ჩამოდის -სტუმარ-მასპინძლობის სექტორი რთულ მდგომარეობაშია, ასევე სხვა გარკვეული სექტორებიც და პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ, მთავარია, მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, რადგან შეუძლებელია ასე ცხოვრება. შესაძლოა, არჩევნები იყოს ერთ-ერთი გამოსავალი. დაველოდოთ, რას იტყვის პრემიერი“.

ვითარებით კმაყოფილია “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე:

„არავითარი ახალი არჩევნები! 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, დამშვიდდა, დაწყნარდა. აწიოკება აღარ არის ქვეყანაში, არავინ არავის სახლში არ უვარდება და არ ხვრეტს. ..

არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს“.

„ის გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი:

„30 წელია, ამ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, მათ შორის, ჩვენც. ახლა მინდა, გავიგო, მომავალში რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ? 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა. არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები