23-12-2024 14:52:32 ევროპა
"ქართველი „პრემიერი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა", - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, - აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის: ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ შეიძლება, ციხეში მოხვდეს, თუკი ის პრეზიდენტის რეზიდენციაში „გამაგრდა“ და „სისხლის სამართლის დანაშაული“ ჩაიდინა.
„72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა:
„ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.
კობახიძის ამ განცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თბილისში საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
„მოვიდეს სასახლეში ბიძინა ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.