23-12-2024 15:16:55 საზოგადოება
ჯგუფი „ფარი“ სახალხო ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც, მათი განცხადებით, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების სრული სპექტრის კონსოლიდაციას უზრუნველყოფს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო ფორუმი იქნება წარმომადგენლობითი პლატფორმა, რომელშიც საპროტესტო მოძრაობაში ჩართული თითოეული სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფი დელეგატს მიავლენს.
„თანამემამულეებო და თანამებრძოლებო, ქვეყანა ეგზისტენციალური მნიშვნელობის პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხშია - საკონსტიტუციო ჩარჩოში დასაბრუნებლად, პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციით, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტი.
ერთად დავაფუძნოთ სახალხო ფორუმი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების სრული სპექტრის კონსოლიდაციას.
სახალხო ფორუმი იქნება წარმომადგენლობითი პლატფორმა, რომელშიც საპროტესტო მოძრაობაში ჩართული თითოეული სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფი მიავლენს დელეგატს.
ამასთან, ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, რათა შექმნას კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი. ეს უზრუნველყოფს საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და ხელისუფლების ხალხის ნებაზე დაფუძნებას.
ფორუმი არის ძლიერი პოლიტიკური პლატფორმა მკაფიო მოთხოვნებითა და მიზნებით. ის პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციითა და ეფექტური კოორდინაციით უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას“, - აღნიშნულია მიმართვაში.