
პრეზიდენტი: თუ 29 დეკემბრამდე არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ ამ რეჟიმის ჩამოშლით
23/12/2024 15:48:56 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას კვლავ გაიმეორა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისადმი მიმართვა, რომ მზადაა, ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ ფორმატში მიიღოს არჩევნების თარიღის ჩასანიშნად.
მისი თქმით, თუ კომპრომისი არ იქნა მიღწეული, ალტერნატიული ვარიანტი რეჟიმის ჩამოშლაა.
"ძალიან არ მოსწონთ როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე, კომპრომისზე, ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარეა ყოველთვის "მშვიდობის მტრედი" დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. ამ საკითხებზე დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას.
მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს არაუშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე მე მზად ვარ და მივიღებ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება", - ამბობს სალომე ზურაბშვილი და იქვე ამატებს, რა გეგმა აქვს, თუკი ბიძინა ივანიშვილი დიალოგზე უარს იტყვის:
"29-დან, უკვე თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისი, დიალოგი... მეორე ვარიანტი, მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტები საზოგადოების, ახალი ჩინოსნების სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი ვინც დღეს კობახიძესთან მივიდა. მთელი დანარჩენი ჯარი ქართული ბიზნესისა, რომლებსაც არ აქვს რუსეთთან მჭიდრო კავშირები, ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, ჩვენი ფინანსური სტაბილურობა. იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებული და როცა ეროვნული ბანკი აგრძელებს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას.
რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თვლის ოცნება. საჭიროა დათმობა საჭიროა რაღაცების აღიარება, თუ არა, ეს არის რეჟიმი ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე".
ზურაბიშვილის თქმით, ამ მეორე ეტაპისთვის ყველა მზად უნდა იყოს და აცხადებს, რომ თავადაც მზადაა.
"მზად ვიქნები რომ აქაც, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელს და სტაბილურობის ერთგვარ ვექტორს და იმას, რომელიც იქნება უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. შეიქმნება ასევე საბჭო იმისთვის რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი - მომზადება ახალი არჩევნებისთვის".