
ელისაშვილი - მის გათავისუფლებაზე: უცხოელები ჩაერივნენ, როგორც გაირკვა
23/12/2024 16:51:51 პოლიტიკა
უცხოელები ჩაერივნენ, როგორც გაირკვა,- ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. კერძოდ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა პროკურატურამ ორ კვირაში გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.
ელისაშვილი ამბობს, რომ მისი მოულოდნელი გათავისუფლება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის წინაპირობა იყო.
"თავად მითხრა ეს [ალან ბერსემ-რედ] და იმიტომ ვამბობ ხმამაღლა, რომ პირობა იყო თურმე, თუ არ გამოუშვებთ ელისაშვილს, არ ჩამოვალთო. მე არაფერი მიჩალიჩია. მოულოდნელად გამომიშვეს. ამიტომ, მეუხერხულება - უამრავი ადამიანია ტყვედ",- თქვა ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
ის თვლის, რომ ვიდრე თავისუფალია, მისი მისია დაკავებულების გათავისუფლებისთვის ბრძოლაა.
ელისაშვილს, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად ბრალი 5 დეკემბერს წარუდგინეს.
შსს-ს ვერსიით, ელისაშვილმა 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. მას ედავებიან სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. მუხლი თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატი ამბობდა, რომ ინციდენტი წამოიწყო თავად ბაბაევმა და იმ მომენტისთვის ელისაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ვინაობის და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა, "თუ საქმის აღძვრა უნდოდათ, სსკ-ის 126-ე მუხლით უნდა აღეძრათ, რაც ცემას გულისხმობს. მეორე - "იმედს" გაეპარა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბაბაევს რკინის ჯოხი უჭირავს ხელში და ელისაშვილი თავდაცვის რეჟიმში, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებს".
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში განხორციელდა ელისაშვილის დაკავება ისე, რომ ის დაკითხვაზეც არ ყოფილა დაბარებული და მას ჯერ არ მიუღია კითხვაზე პასუხი, რა გარემოებებმა წარმოშვა ელისაშვილის მყისიერად, ხალხმრავალ ადგილზე დაკავების აუცილებლობა. ის თვლის, რომ დემონსტრაციულ ღონისძიებას ჰქონდა ადგილი:
"საჯაროდ ცნობილი იყო, რომ ელისაშვილი გადაადგილდებოდა მარტოდ - მიდიოდა აქციებზე, ბრუნდებოდა სახლში, ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისი დაკავება, მაგრამ ეს არ მომხდარა. პოლიტიკოსების შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა პროვოკაცია, რამაც მიიპყრო ყურადღება, ამ დროს ეცა 15-მდე სამართალდამცველი და დემონსტრაციულად, კამერების წინ სასტიკი მეთოდებით მოხდა მისი დაკავება".