
"როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა"
19/02/2020 15:01:08 საშინაო პოლიტიკა
როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა. სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას. აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა. საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები",- ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობას სამი ქალი ემსხვერპლა, ხოლო სამის მკვლელობა სცადეს.